ხელოვნების სასახლეში IVა და IVბ კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა შემეცნებითი გაკვეთილი.
ხელოვნების სასახლეს სიყვარულის სასახლესაც უწოდებენ, რადგან გერმანელმა გრაფმა კონსტანტინე ოლდენბერგმა სიყვარულის ნიშნად აუშენა და აჩუქა ლამაზ ქართველ ქალს აგრაფინა ჯაფარიძეს, რომელიც მოგვიანებით ცოლად შეირთო. ბავშვებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ფრანგი და გერმანელი ოსტატების მიერ გაფორმებული ზამბახების დარბაზი, სადაც სასახლის მფლობელთა პირადი ნივთები, ფერწერული ტილოები უნიკალური ავეჯი და ბევრი საინტერესო ექსპონატია გამოფენილი. ბავშვების ინტერესი გამოიწვია ოქროსფერ დარბაზში წარმოდგენილმა ქართულმა სამოსმა. განსაკუთრებით მოეწონათ თამარ მეფის კაბა, რომელიც ვარძიის ფრესკის მიხედვითაა აღდგენილი. რევაზ ლაღიძის სახელობის საგამოფენო დარბაზში კი ქართული მუსიკის ისტორიას გაეცნენ. აქვეა გამოფენილი მე-19 საუკუნის მხატვრობა. ამის შემდეგ მოსწავლეებმა საკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც მოისმინეს უცნობი ისტორიები ასტრიდ ლინდგრენის შესახებ. ბოლოს კი სასახლის შემოქმედებით სახელოსნოში დაამზადეს დღიურები, გააფერადეს და ნახატებით გააფორმეს.